დაზარალებულთა ნდობის ფონდი მხარდაჭერის პროგრამას იწყებს საქართველოში

დაზარალებულთა ნდობის ფონდი მხარდაჭერის პროგრამას იწყებს საქართველოში

 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) დაზარალებულთა ნდობის ფონდი (TFV) მოხარულია გაცნობოთ, რომ მიმდინარე კვირას საქართველოში ოფიციალურად დაიწყო მსხვერპლთა მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის პროგრამა. იგი მოიცავს დაზარალებულთა სამედიცინო და ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას, კონსულტაციების გაწევას, ასევე საარსებო პირობების გაუმჯობესებას და ქვე-გრანტირების ინიციატივების მხარდაჭერას, რათა მოხდეს კონფლიქტით გამოწვეული ზიანის შემსუბუქება. ნდობის ფონდის მსხვერპლთა პროგრამა გამიზნულია იმ ადამიანების მხარდასაჭერად, რომლებიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ იმყოფებიან, არიან ომის დანაშაულების და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების მსხვერპლნი და დაზარალდნენ სამხრეთ ოსეთში და მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე კონფლიქტის დროს 2008 წლის 2 ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით.

 

დაზარალებულთა ნდობის ფონდის დირექტორთა საბჭოს წევრის, ანდრეს პარმას განცხადებით „ნდობის ფონდისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის ისტორიული მომენტია პროგრამის აფრიკის კონტინენტის გარეთ დაწყება. როგორც აღმოსავლეთ ევროპის წევრ სახელმწიფოთა ჯგუფის წარმომადგენელი, მივესალმები აღნიშნული პროგრამის დაწყებას, რომელსაც ჩვენდა სამწუხაროდ კვლავ საჭიროებენ 2008 წლის ომით დაზარალებულები მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად. დაზარალებულებმა დაკარგეს საკუთრება, მიადგათ ფიზიკური ზიანი და კვლავ აგრძელებენ ფსიქოლოგიური ტრავმით ცხოვრებას. ამ პროგრამის დახმარებით, ფონდის მიზანია გააძლიეროს ისინი, რომ გააგრძელონ სვლა იმედიანად და ღირსებით.“

 

დაზარალებულთა ნდობის ფონდის მოქმედი აღმასრულებელი დირექტორის ფრანზისკა ექელმანის განცხადებით, „2020 წლის 10 ნოემბერს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ნდობის ფონდის დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა 2008 წლის კონფლიქტის დროს დაზარალებულთა დახმარების პროგრამა. შეზღუდული ფინანსური რესურსების გათვალისწინებით, ფონდი შეძლებს დაეხმაროს 2008 წლის კონფლიქტით დაზარალებულთა მხოლოდ მცირე ნაწილს. თუმცა, ნდობის ფონდი მზადაა მოიძიოს დამატებითი შემოწირულობები და მიესალმება ლიეტუვას მხრიდან საქართველოს პროგრამისთვის გამოყოფილ 20 000 ევროს დახმარებას.“

 

ნდობის ფონდმა შეარჩია ორი ადგილობრივი ორგანიზაცია - საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT) და გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი (GIP-T), რომლებიც 2008 წლის ომის დაზარალებულთა რეაბილიტაციის განხორციელებაში იქნებიან ფონდის პარტნიორები. პროექტები დაიწყო 2023 წლის 1 აპრილს. ისინი შეირჩა ფონდის მიერ ჩატარებული ღია კონკურსის შედეგად. პროგრამა და პროექტების აქტივობები დაიგეგმა მსხვერპლებთან, დაზარალებულ მოსახლეობასთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. 

 

ნდობის ფონდი აგრძელებს მუშაობას დამატებითი თანხებისა და რესურსების მობილიზებაზე, ასევე დონორ ორგანიზაციებთან და მხარდამჭერებთან დაზარალებულთა საჭიროებების ადვოკატირებას, რათა საქართველოში მცხოვრებმა ომით დაზარალებულებმა მიიღონ საჭირო დახმარება. ნდობის ფონდი აფასებს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას და მოუთმენლად ელის 2008 წლის ომის დაზარალებულთა ზიანის რეაბილიტაციის მიზნით მათთან თანამშრომლობას.

 

დაზარალებულთა ნდობის ფონდის პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მოგვწერეთ: trustfundforvictims@icc-cpi.int ან ეწვიეთ ვებგვერდს:  www.trustfundforvictims.org;

ან დარეკეთ ნომერზე: +995 599 24 74 41